ვის აქვს დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის საჩივრით მიმართვის უფლება?

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს საჩივრით.


როგორ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს?

იმისათვის, რომ მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თქვენი საჩივარი (განცხადება) უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივრის ან განცხადების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება.


შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორის გარდა სხვა პირმა დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ ინსპექტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.


სად წარვადგინო დისციპლინური საჩივარი?

დისციპლინური საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისამართზე ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. 12, 0144 ან გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე [email protected] .


დადგენილია თუ არა რაიმე გადასახადი საჩივრის წარდგენისათვის?

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის რაიმე გადასახადი არ გადაიხდევა.


რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი:

  • ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

  • სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის

  • გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

რა ვადაში განიხილავს დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივარს?

დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა ორი თვეა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.


რა არის დისციპლინურ გადაცდომა?

დისციპლინური გადაცდომა არის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დარღვევა, რის საფუძველზეც მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დისციპლინური გადაცდომა არ არის დანაშაული. მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.


რა სახის დისციპლინური გადაცდომები არსებობს?

დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

  • კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

  • მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;

  • მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;

  • საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება;

  • მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

  • მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;

  • დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;

  • სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა;

რა სანქციები არსებობს მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში?

დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

დისციპლინური სახდელის სახეებია:

  • შენიშვნა;

  • საყვედური;

  • მკაცრი საყვედური;

  • მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;

  • საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.

 

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:

  • მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

  • სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.

რა შემთხვევებში არ დაეკისრება მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა?

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი. დისციპლინური პასუხისმგებლობა მოსამართლეს არ ეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (საქმის სადისციპლინო კოლეგიაში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან) გასულია 1 წელი.


ვის შეუძლია გაასაჯაროოს კონკრეტული მოსამართლის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმის მასალები?

დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი.


შეუძლია თუ არა მოსამართლეს გაასაჯაროოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები?

იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის გასაჯაროება. გადაწყვეტილების მისაღებად გამართული თათბირი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გასაჯაროება დაუშვებელია.


კანონის არასწორი განმარტება არის თუ არა დისციპლინური გადაცდომა?

კანონის არასწორი განმარტება არ შეიძლება გახდეს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი. შესაბამისად, არ არის დისციპლინური გადაცდომა.


შეცვლის თუ არა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულ აქტს?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე დამოუკიდებელია და არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე ან ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. დისციპლინური სამართალწარმოება არ გულისხმობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებისა თუ შინაარსობრივი მხარის შემოწმებას.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, არ არის უფლებამოსილი დააჩქაროს საქმის განხილვა. დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლება არ აქვს მოახდინოს ზედამხედველობა სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე.


მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში გადაიხედება თუ არა ჩემს მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება?

დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილი რომელიმე გადაწყვეტილებაზე.


მეცნობება თუ არა მოსამართლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგი?

გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ, აგრეთვე მოსამართლის გამართლების შესახებ მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ასევე სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებები მოსამართლისათვის სახდელის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.