ჩვენს შესახებ >> საქმიანობა

2017 წლის 8 თებერვალს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოვიდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება.

დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 20 ნოემბერს კონკურსის შედეგად, თანამდებობაზე აირჩია პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი, ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ნაწილობრივ 2018 წლის 07 თებერვლიდან, ხოლო სრულად 04 აპრილიდან დაკომპლექტდა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტს და მასალას. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მოიწვიოს ნებისმიერი  პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის შეზღუდული საჩივარში მითითებული გარემოებებით. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გამოვლინდა.

საქმის გარემოებების მოკვლევის დროს დამოუკიდებელი ინსპექტორი შეისწავლის მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიმართ განხორციელებული წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დასკვნისა და მოსაზრებების სახით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

2018 წლის 20  აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა XIII თავი, რომელიც არეგულირებს დისციპლინურ სამართალწარმოების საკითხებს.