ხშირად დასმული კითხვები

 

ვის აქვს დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის საჩივრით მიმართვის უფლება?

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება საჩივრით მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს.


როგორ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს?

იმისათვის, რომ მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თქვენი საჩივარი უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივრის ან განცხადების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება.


შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორის გარდა სხვა პირმა დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ ინსპექტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.


სად წარვადგინო დისციპლინური საჩივარი?

დისციპლინური საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ან გამოაგზავნოთ ფოსტით მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. №12. საჩივარი ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected]; [email protected].


დადგენილია თუ არა რაიმე გადასახადი საჩივრის წარდგენისათვის?

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის გადასახადი არ არის დადგენილი.


რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია:

  • ნებისმიერი პირის საჩივარი, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;
  • სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;
  • გამოძიების ორგანოს შეტყობინება;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

    რა შემთხვევაში დადგინდება საჩივარზე ხარვეზი?

დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას თუ საჩივარში მითითებული არ არის:

  • მოსამართლის ვინაობა
  • საქმე
  • დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი.

ხარვეზის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.


რა შემთხვევაში არ დაიწყება დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება თუ:

  • მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა:
    • დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი;
    • დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან გასულია 1 წელი.
  • არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე  ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
  • მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
  • საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.

რა ვადაში განიხილავს დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივარს?

დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა ორი თვეა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.


რა არის დისციპლინური გადაცდომა?

დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება. დისციპლინური გადაცდომა არ არის დანაშაული. მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.


რა სახის დისციპლინური გადაცდომები არსებობს?

დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ:

ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით;

ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ:

ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება;

ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 

ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტის ან  722 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა;

ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი;

ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა;

ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა;

) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ:

გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 134, 135 ან 204 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა;

გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების  განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ:

დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ;

დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება;

დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება;

) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ:

ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ  საფუძვლით;

ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;

) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ:

ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადის დაცვა ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვ.) გამო ვერ შეძლო;

ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; 

ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;

ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

  • ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი  სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას).

რა სანქციები არსებობს მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში?

დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი, კერძოდ:

  • შენიშვნა
  • საყვედური
  • მკაცრი საყვედური
  • ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში
  • სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა - მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.


ხელმისაწვდომია თუ არა კონკრეტული მოსამართლის მიმართ წარმოებული დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია?

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


შეუძლია თუ არა მოსამართლეს გაასაჯაროოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები?

იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის გასაჯაროება. გადაწყვეტილების მისაღებად გამართული თათბირი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გასაჯაროება დაუშვებელია.


შემიძლია თუ არა გავეცნო დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს?

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.


კანონის არასწორი განმარტება არის თუ არა დისციპლინური გადაცდომა და შეცვლის თუ არა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულ აქტს?

მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. დისციპლინური სამართალწარმოება არ გულისხმობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთების ან შინაარსობრივი მხარის შემოწმებას.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, არ არის უფლებამოსილი დააჩქაროს საქმის განხილვა. დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლება არ აქვს მოახდინოს ზედამხედველობა სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე.

დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილ რომელიმე გადაწყვეტილებაზე